ილია დარჩიაშვილი: მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებს ეხმაურება.

მინისტრი მოკლულის ოჯახის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და საოკუპაციო ძალებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები