ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გმობს ძალის გამოყენებას.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები