კახა კალაძე: საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!
თბილისის მერი, კახა კალაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებს ეხმაურება.
როგორც დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.
„მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!
დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!“, – წერს კალაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.