მაია ბითაძე: ამ ქვეყნის მტრებს ძალიან არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ამ ქვეყნის მტრებს ძალიან არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ საუბრობენ, თითქოს დათქმა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ დავუწესოთ რუსეთს სანქციები, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

„როგორც კი დგება საკვანძო მომენტი, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის წარმატების წინააღმდეგი. რასაც ვისმენთ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, ეს არის განმეორებითი შტურმი არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ. ამას ასევე ვისმენთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომელთა ერთი ნაწილი, სამწუხაროდ, ევროპარლამენტში მუშაობს, მეორე ნაწილი კი არასამთავრობო სექტორს ან მედიას წარმოადგენს. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნის მტრებს ძალიან არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ცდილობენ, ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. ისინი ცდილობენ, გამიჯნონ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისგან. რასაც ისინი სჩადიან, ეს არ არის ევროპა. ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირი და ხანდახან მე, როგორც მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა: ისინი მართლა რუსეთის აგენტები არიან თუ მათ ყველას ერთად პოლიტიკური დემენცია დაემართათ, რადგან ისინი ვერ გრძნობენ ქართველი ხალხის დაკვეთას და ვერ ხედავენ, თუ რა ურთიერთობა აქვს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ არ გვიცავს არც ნატოს უსაფრთხოების ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური და სხვა უსაფრთხოების ჩარჩო. ისინი ახლა საუბრობენ დათქმებზე, თითქოს დათქმა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ დავუწესოთ რუსეთს სანქციები. „ქართული ოცნება“ არის იმ რეზოლუციების თანასპონსორი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაინიცირდა, მათ შორის, ჰააგის სასამართლოში და ამას გვეუბნება ის ხალხი, რომელმაც 2008 წლის ომი წააგო, ომის შემდეგ გაყიდა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებზე და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობას“, – განაცხადა მაია ბითაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები