მაკა ბოჭორიშვილი: მავნებლური ნაბიჯია რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან
რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის მავნებლური ნაბიჯი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ველოდებით, რომ ევროკომისიის შეფასებებიც იქნება პოზიტიური და რელევანტური.
„ვხედავთ, რომ არის ხალხი, მათ შორის, საქართველოში და ამ პროცესში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც, ვნახეთ მისი არაერთი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში, სადაც გაჟღერდა სანქციების თემა. ამ ფორმით სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ მავნებლური ნაბიჯი. შეუძლებელია, დღეს საქართველოს მოსთხოვო, რუსეთთან დააწესოს სანქციები, ნული გავლენა იქონიოს რუსეთის ეკონომიკაზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკაზე – უზარმაზარი. წარმოუდგენელია, ამ ფორმით ჩვენ ვიფიქროთ რაიმე წინსვლაზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ოპოზიცია ცდილობს, მოძებნოს რაიმენაირად ისეთი წინაპირობები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც შეუსრულებელი და შეუსრულებადი იქნება საქართველოსთვის. ეს არის მიზანი, ამ მიზნით დადიან ისინი ბრიუსელში, ამ მიზნით იმყოფებიან ზოგიერთები ახლაც ბრიუსელში, რომ რაიმენაირად საქართველოს წინაშე დადგეს ისეთი ამოცანები, რომლებიც იქნება წარმოუდგენელი შესასრულებლად. ამას ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტრობა და ყველაფრის გაკეთება, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს მთავარ მიზანს. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მთავარი საზრუნავი“,– განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.