გიორგი ვოლსკი: “ნაცმოძრაობაში” დიდი ქაოსია – სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვთ
“სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვთ, სხვათა შორის, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც, მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” დიდი ქაოსია.
“დიდი ქაოსი, შეიძლება, ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც “ნაცმოძრაობაშია” შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან. ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გასწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს “ოფსაიდში”. არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა. არც იმას ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც რეალურად მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად “ნაცმოძრაობისა”, ამ ვითარებაში მისი განცხადება არაადეკვატურია დღეს და ვერანაირ კომენტარს უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთე, ვერ გავაკეთებ. რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს, ის ხედავს, რომ ძველ სახეებს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც უამრავ ხალხს, რომელიც ამ ცალკეული პიროვნებების გარშემოა შეკრებილი და არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი მითითებით კბილებს აცლიდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს და შემდეგ არაფერი არ დაუბრუნეს უკან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს”,- განაცხადა ვოლსკიმ.