გივი მიქანაძემ სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
პარლამენტის ინფორმაციით, თბილისში გამართული კონფერენციის ფარგლებში, სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა – რატი ბრეგაძემ გახსნა. ცენტრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს მოემსახურება.
„ცენტრის გახსნა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სასწავლო ცენტრმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად პრიორიტეტულია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვა. სასწავლო ბაზის გახსნა ადასტურებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მაღალი სტანდარტის საქმიანობის განხორციელებას, ასევე ცხადყოფს, თუ რატომ გახდა იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპული ასოციაციის თავმჯდომარე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები, რომლებიც სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.