ბექა დავითულიანი: 12 წელია, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ მისი ყოველი ნაბიჯი თვითდესტრუქციაა
მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ, ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ნაბიჯი თვითდესტრუქციაა.
„12 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ მისი ყოველი ნაბიჯი თვითდესტრუქციაა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მარტივ მამრავლებად დაიშალნენ და ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ასევე, გამოიხატება იმაშიც, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ არავის ენდობა და პარტიის მოქმედი წევრები უნდა გაიწიონ და გზა დაუთმონ უცნობ სახეებს. მეორე დღეს კი თავისივე ნათქვამი უარყო და თქვა, რომ ნიკა მელიასი სწამს. არც ამ პარტიის ბელადმა და არც პარტიამ იციან, გამოსავალი რა არის. ეს ადამიანი არცერთ თავის თანაგუნდელს არ ენდობა და თან ხვდება, რომ არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა. ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს. ასე გააგრძელონ, კარგია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეების ძიება უნდა დაიწყოს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სია უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, რომლებიც პარლამენტის წევრები არასოდეს ყოფილან.