საქართველოს პრემიერმინისტრი სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის თავდაცვის მინისტრ მარიან შარეცს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
როგორც შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე − ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერმინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.
პრემიერმინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა.
შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს სლოვენიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.