შალვა პაპუაშვილი: არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თორმეტივე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება
“ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თორმეტივე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც ერთჯერადად ვერ გადაწყდება.
„ჩვენ არ ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება, ერთჯერადად გადაწყდეს. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევა ერთჯერადი საკითხია, ავირჩიეთ და დამთავრდა. მაგრამ, მაგალითად, დეპოლარიზაცია არ არის ერთჯერადი საკითხი. ეს არის განგრძობითი პროცესი და, რა თქმა უნდა, ამას ევროკავშირი უფრო ხანგრძლივ ჭრილში აკვირდება, ისევე – როგორც მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს არ არის საკითხი, რომელიც კანონის მიღებით წყდება. იქაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საკითხები არ იქნება ბოლომდე ჩახურული. ზოგადად, ინტეგრაციის საკითხი არის განგრძობითი პროცესი, წლები დასჭირდება ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას და ყველა ეს საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.