“საკმარისია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“ – გაერო და ჯანმო ისრაელს და ,,ჰამასს,, ზავისკენ მოუწოდებენ

გაეროს უმსხვილესი ჰუმანიტარული სააგენტოების ხელმძღვანელებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„თითქმის ერთი თვეა, მსოფლიო აკვირდება ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების განვითარებას, შოკირებული და შეძრწუნებულია მსხვერპლის მზარდი რაოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო იხსენებს, რომ ,,ჰამასის,, თავდასხმას 1400-ზე მეტი ისრაელელი შეეწირა, ათასობით დაიჭრა და 200-ზე მეტი გახდა მძევალი. მათ ასევე გაიხსენეს, რომ ღაზას სექტორში, პალესტინის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 9,5 ათასი ადამიანი დაიღუპა.

„რაკეტები ოჯახების ტრავმირებას განაგრძობენ. ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. საშინელებაა. მაგრამ რაც ყველაზე შემაძრწუნებელია – კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ღაზაში და ის ფაქტი, რომ 2,2 მილიონ პალესტინელს არ აქვს საკვები, წყალი, მედიკამენტები, ელექტროენერგია და საწვავი.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მხარეებს მიმართ – შეასრულონ ყველა ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობით. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. 30 დღე გავიდა. საკმარისია. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (OHCHR) – ვოლკერ თურქმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დირექტორმა – ემი პოპმა, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – კეტრინ რასელმა, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა – ტედროს ადანომ გებრეისუსმა და სხვებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები