კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონკურსი მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს. სამინისტროში შემოვიდა რვა განაცხადი და გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა.
კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“ – მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა, ფონდების შევსება-განახლება, ექსპონატების რესტავრირება, სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის მოწესრიგება.
არაერთ სახელმწიფო დრამატულ თეატრს აქვს მდიდარი სამუზეუმო და საარქივო მასალა, მათ შორის – გამოჩენილ მხატვართა ესკიზები, დეკორაციების მაკეტები, სპექტაკლების სარეპეტიციო დღიურები, აფიშები, პროგრამები, კოსტიუმები, რეკვიზიტები, ფოტომასალა, ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების, დრამატურგების, კომპოზიტორების შემოქმედების ამსახველი, თუ სხვა მემორიალური ნივთები. აღნიშნული ექსპონატები დაცულია თეატრებთან არსებულ მუზეუმებში და ბევრი მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დრამატული თეატრების მუზეუმები ქმნიან და იცავენ ქართული თეატრის, სარეჟისორო-სამსახიობო ხელოვნების, სცენოგრაფიის ისტორიას.
კონკურსში გამარჯვებული თეატრები და პროექტებია:
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი – თეატრის მუზეუმში დაცული კოსტიუმების მუდმივმოქმედი ექსპოზიციის მოსაწყობად შეიძენენ მანეკენებს;
2. სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – თეატრის მუზეუმის საცავი აღიჭურვება კლიმატის საკონტროლო აპარატურით, მუზეუმში დაცული ესკიზები ჩაისმება ჩარჩოებში, საცავისთვის შეიძენენ თაროებს;
3. სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – აღდგება სამუზეუმო მასალა და შეიქმნება ელექტრონული არქივი, მოეწყობა საექსპოზიციო სივრცე;
4. სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – რესტავრირდება თეატრის მუზეუმში დაცული გასული საუკუნის პირველი ნახევრის აფიშები, დამზადდება ესკიზების შესანახი მუყაოს საქაღალდეები, შეიძენენ ჩარჩოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები