ეროვნულ გალერეაში სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გალერეა ვაჩეს კუთვნილი სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის გახსნას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მისი არასრულყოფილების შესახებ,“ – ასე ხედავდა მხატვარი, გრაფიკოსი და ავანგარდის წარმომადგენელი სოლომონ გერშოვი თავის მისიას.
„სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთული და არაერთგვაროვანია. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ სამხატვრო გარემოს უკავშირდება, რომელიც ამ ქალაქში შექმნეს ჯერ იეჰუდა პენმა, შემდეგ კი – მარკ შაგალმა და კაზიმირ მალევიჩმა. გერშოვი მათი მოსწავლეა, მხატვრული მისწრაფებით კი უფრო შაგალის ხაზის მიმღებია და ნაკლებად იტაცებს მოდერნიზმის რადიკალური ფორმალისტური ძიებები.
1922 წელს იგი პეტროგრადში გადავიდა და კვლავ გამორჩეულ სამხატვრო წრეში მოხვდა. აქ მისი პედაგოგი გახლდათ ალფრედ ებერლინგი, ურთიერთობდა მხატვარ პაველ ფილონოვის საზოგადოებასთან.
მოგვიანებით ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს პირადად შეეხო საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხი; იყო ორი გადასახლება – ჯერ სამი და შემდეგ კი – რვა წლით. რეპრესიების შედეგად მხატვრის ამ პერიოდის შემოქმედება, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.
მეორე გადასახლებიდან იგი 1956 წელს დაბრუნდა, ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ კი ახალი ენერგიით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა. ბევრს მუშაობდა, მისი ნამუშევრები კი ხშირად და წარმატებით იფინებოდა, ოღონდ, მეტწილად, უცხოეთში. სამშობლოში ჯერ კიდევ მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ.
მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ცხოვრებისეული ტრაგიზმის განცდა, ებრაელი ხალხის გასაჭირი, კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ტკივილი; ხშირად ხატავდა განშორებას, დაკრძალვას, ბიბლიურ სიუჟეტებს.
სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენები მოეწყო ლონდონში, პარიზსა და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში.
60-იან წლებში მხატვარი გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა, სადაც ასევე ეწყობოდა მისი ექსპოზიციები. სწორედ ამის წყალობით, თბილისში მისი, არცთუ უმნიშვნელო, მემკვიდრეობა დაგროვდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულ გალერეაში სოლომონ გერშოვის გამოფენა 14 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.