ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ საკუთარ ვალუტაზე მუშაობს
თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ საკუთარი ვალუტის შემოღებას აპირებს, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „დსრ“-ის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა ბორის ლიტვინოვმა განუცხადა. „ჩვენ ვეწევით მუშაობას საკუთარი ვალუტის შესაქმნელად. ეს პროცესი დაწყებულია”, – განაცხადა ლიტვინოვმა.
ივნისში „დსრ“-ის ვიცე-პრემიერმა ანდრეი პურგინმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მულტისავალუტო ზონასა და საბაჟო კავშირში გაწევრიანების გეგმებზე ისაუბრა. “ეს ნიშნავს, რომ დონეცკის რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდში მიმოქცევაში ერთდროულად ორი ვალუტა იქნება: უკრაინული გრივნა და რუსული რუბლი”, – განაცხადა მაშინ პურგინმა. მანვე დაამატა, რომ საბოლოოდ „დსრ“-ის ვალუტა რუსული რუბლი გახდებოდა. პურგინი იმედოვნებდა, რომ რუსულ ვალუტაზე სრული გადასვლა 2014 წლის ბოლომდე მოხდებოდა და აღნიშნა, რომ პირველ ხანებში ვერ შეძლებდნენ უკრაინულ გრივნაზე უარის თქმას, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იქნებოდა.