მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ყაზახეთში მაკრონის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება, ამის შემდეგ ის უზბეკეთში გაემგზავრება.

საფრანგეთის ლიდერს აეროპორტში პრემიერმინისტრი, ალიხან სმილოვი დახვდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ​კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა კოლეგა უკვე მიიღო და მათ შორის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში გაიმართა.

როგორც ტოყაევმა თქვა, “ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, თუმცა, აუცილებელია, მას დამატებითი იმპულსი მივცეთ. ამიტომ შეგვიძლია, თქვენს ვიზიტს ისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება”.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი არის ყაზახეთის მთავარი და საიმედო პარტნიორი ევროკავშირში, ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი რესპუბლიკის ეკონომიკაში.

თავის მხრივ, მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს.

“ჩვენ შევძლებთ, წინ წავიწიოთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებზე, ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას გაეროს წესდებისადმი, პრინციპების მიმართ, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი. ჩვენ ასევე შევძლებთ განვიხილოთ ძირითადი ორმხრივი საკითხები. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები. გარდა ამისა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან კონტრაქტებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – თქვა მაკრონმა.

აღნიშნულია, რომ ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები