საუდის არაბეთმა ჯაბალიას ბანაკზე თავდასხმა დაგმო

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის არმიის მიერ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა მკაცრად დაგმო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა.

“საუდის არაბეთის სამეფო უმკაცრესად გმობს ისრაელის საოკუპაციო ძალების არაადამიანურ თავდასხმას ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ალყაში მოქცეულ ღაზას სექტორში, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაჭრა”,- ნათქვამია განცხადებაში.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის არმიას, რომელსაც ის “საოკუპაციო ძალებს” უწოდებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ეს იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახდინა ზეწოლა ისრაელის საოკუპაციო ძალებზე, რომ ეიძულებინა ის, დათანხმებოდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ჰუმანიტარულ ზავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბანაკზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 47 ადამიანია დაღუპული.

ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ მათი სამიზნე 7 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი – იბრაჰიმ ბიარი იყო.

მათივე თქმით, დარტყმები განხორციელდა ჯაბალიას მჭიდროდ დასახლებულ ბანაკში “ჰამასის” იმ ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც ბიარი ბრძანებებს გასცემდა, თუმცა, ამ ინფრასტრუქტურის ნგრევამ გვერდით მდგომი შენობებიც მოიყოლა, რისი “თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები