ნათია თურნავა მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, სებ-ის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაც ესწრებოდა. ასევე შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დაისახა.
“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი სადისკუსიო თემები შეეხებოდა მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ დახვეწასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. აღინიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება არსებითად გააუმჯობესებს ზოგადად ფინანსური სექტორის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
მსგავსი შეხვედრები მიკროსაფინანსო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.