„ხელოვანის გზა“ – ერთი ოჯახიდან სამი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ხელოვანის გზა“ გაიხსნა, რომელიც ერთი ოჯახიდან სამი ხელოვანის კოლაბორაციას წარმოადგენს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანების კოლექციიდან გამორჩეული ნამუშევრები. ოჯახის სამი ხელოვანის „შემოქმედებითი გზა“, გზა, რომელიც გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.
თამარ აბაკელია (1905-1953) – მე-20 საუკუნის გამორჩეული ხელოვანი:მოქანდაკე (თავის თავს უპირველესად მოქანდაკედ თვლიდა), გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოში პირველი ქალი მონუმენტალისტი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი რელიეფური ქანდაკების ტრადიციების
აღორძინებას და ქართულ ხელოვნებაში სხვა მხატვრებისგან მკაფიოდ განსხვავებული კვალი დატოვა.
გასაოცარია თამარ აბაკელიას შემოქმედების დიაპაზონი, სიუჟეტთა სიმდიდრე, სახვითი საშუალებების მრავალმხრიობა. მან ქართული ხელოვნება გაამდიდრა თავისი ჭეშმარიტად ხალხური და მრავალფეროვანი შემოქმედებით. დასანანია, როცა მხატვრის სიცოცხლე მოულოდნელად სწორედ იქ წყდება
,სადაც მისი შემოქმედებითი სიმწიფის წლებია.თამარ აბაკელიას, რომლის ნიჭი საგრძნობლად აღემატებოდა ჩვეულებრივს, მისთვის განკუთვნილი სიცოცხლის მიღმა, მრავალი შემოქმედებითი ჩანაფიქრი, შესაძლებლობა და ოცნება დარჩა განუხორციელებელი.
გრიგოლ აბაკელია (1939-2016) – მხატვარი, მუსიკოსი. თამარ აბაკელიას ძმის შვილი. დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალი მხატვარი. ბავშვობიდან წარუშლელად აღბეჭდილმა შემოქმედებითმა გარემომ, რომელიც ოჯახში სუფევდა და მუსიკალურმა განათლებამ მის მთელ შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებში იგრძნობა მაღალი მხატვრული კულტურა, განსხვავებული ხედვა, სიუჟეტთა სიმრავლე, შესრულების ტექნიკის მაღალი დონე .
1976 წელს მხატვარი თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში მთავარი მხატვრის პოზიციაზე მუშაობდა. გაფორმებული აქვს 120-ზე მეტი თოჯინური სპექტაკლი, სადაც ჩანს არა მხოლოდ განათლება და პროფესიონალიზმი, არამედ ბავშვების დიდი სიყვარული და მათთვის მისაღები ესთეტიკის ცოდნა.
თეა (თამარ) აბაკელია – ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, გრიგოლ აბაკელიას შვილი და თამარ აბაკელიას ძმის შვილიშვილი. დაბადებული და გაზრდილი ხელოვანების ოჯახში. ყველა ეტაპი მის ცხოვრებაში შემოქმედებასთან დაკავშირებული. აქტიურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში.მისი შემოქმედება ანარეკლია ხელოვანის შინაგანი ბუნების, მისი ხასიათის, მისწრაფების, ამიტომაც სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, სტილითა და მანერით გამოსახავს მისი შემოქმედების მთავარ თემას ნატურას, რომელსაც თვლის ხელოვნების პირველწყაროდ და მის ფორმათა სხვაობას, ცვალებადობას სწავლობს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის მოღვაწეთა გილდია და საქართველოს კულტურის აკადემია.