27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
1840 წლის 27 ოქტომბერს მწერალი, პედაგოგი და პუბლიცისტი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა.
იაკობ გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისისასკოლო სახელმძღვანელოები: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” (1865); „ბუნების კარი” (1868); „დედა ენა” (1876), რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა” (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: „ნობათს”, „ჯეჯილსა” და „ნაკადულს”.
ი. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.