„ახალი სიმღერები“ – გიორგი კეკელიძის კრებულის წარდგენა გაიმართება
29 ოქტომბერს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ლია სტურუა: „პირველი იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთი. ისეთ პოეტს, როგორიც გიორგი კეკელიძეა, ღმერთი, თავისი ლოგოსობიდან ჩამოუტეხავს სიტყვას, რომ წეროს ისე, როგორც უნდა.
ლექსების ამ ციკლში ყველა ლექსს ჰქვია სიმღერა: „თითქმის თვითმკვლელის სიმღერა“, „ტყუილის სიმღერა“, „თოვლის სიმღერა“, „სოფლის სიმღერა“ და ა. შ. ჰომეროსის „ოდისეაში“ ყველა თავს სიმღერა ჰქვია: სიმღერა I, სიმღერა II და ა. შ. ჰომეროსი ხომ ჩვენი პირველყოფილი სამშობლოა. თითქმის, ყველა ადამიანს და პოეტს, განსაკუთრებით, აქვს თავისი ოდისეა გიორგი კეკელიძე ამ სიმღერებში გვაჩვენებს თავის სამყაროს; შეიძლება, ერთი პატარა ქალაქის ჩარჩოთი შემოფარგლულს, მაგრამ უკიდეგანოს, ტყუილის სიმართლეზე მდგარს, პოეტის ტალანტზე“.
ლანა ღოღობერიძე: „კითხულობ ერთ ლექსს, მეორეს, მესამეს… სიმღერებს, რომელთა სათაურებიც მრავლისმთქმელია: „მკვდარი სიყვარულის სიმღერა“, „გამონაცვლის სიმღერა“, „თოვლის სიმღერა“, „უკვდავება“… და ნელ-ნელა შედიხარ პოეტის უცნაურ სამყაროში, სულ უფრო და უფრო იმსჭვალები მისი თავისებური ხედვით – უჩვეულოდ თამამი გულახდილობით, ადამიანის სულის ღრმად ჩამალულ კუნჭულებში ჩაწვდომის უნარით, შეუბრალებლობით საკუთარი თავის მიმართ, მოულოდნელი ასოციაციებით.
სიტყვა – ყავარჯენი, ანუ საყრდენი… და მეც, ამ ლექსების წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: სწორედ ამისთვის არსებობს პოეზია: ყავარჯნად შეუდგეს ტკივილს და ასე შეამსუბუქოს, მეტიც – მშვენიერი გახადოს ადამიანის არსებობა!“.
წიგნის რედაქტორია: როსტომ ჩხეიძე, კორექტორი: გიორგი შარაშენიძე, დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი.
კრებულში გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსურათები.
კრებულს ერთვის ანსამბლ „იალონის“ სიმღერა-საგალობლები.