„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გრძელდება
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს.
საფესტივალო კონცერტები 10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდება, დასაწყისი 19:30 საათი.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.
ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები და სპეციალისტები. ამ 9 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში უკვე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა და ანსამბლმა გამართა კონცერტი, მათ შორის არის: ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.
ფესტივალი, 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ იტალიელი და პოლონელი ვარსკვლავები: სერჯო აცოლინი, ფაგოტი (იტალია), ფრანჩესკო გალიჯონი, ჩელო (იტალია), დიეგო კანტალუპი, თეორბო (იტალია), ალინა რატკოვსკა, კლავესინი (პოლონეთი).
„ამ საღამოს, ფრანჩესკო ჯემინიანის, ჯოვანი ბენედეტო პლატის მუსიკასთან ერთად ბენედეტო მარჩელოს ახლად აღმოჩენილი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა შედგა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ბენედეტო მარჩელოს ფაგოტის ორი კონცერტის მსოფლიო პრემიერა შედგა. იტალიელმა მუსიკოსმა და მკვლევარმა სერჯო აცოლინიმ ეს ნაწარმოებები, სულ ცოტა ხნის წინ, პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ ის პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს – „საქართველოს სინფონიეტას“ შეაესრულებინა. ასევე, მისი გადაწყვეტილებით, ამ უნიკალური პროგრამის აუდიო-ჩანაწერი სექტემბერში გაკეთდა და ჩანაწერის კომპაქტ-დისკს, „საქართველოს სინფონიეტა“ უკვე ნოემბერში წარუდგენს „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მსმენელს. რამდენადაც, ეს კომპაქტ-დისკი იქნება ბენედეტო მარჩელოს ახლად აღმოჩენილი ნაწარმოებების პირველი შესრულების პირველი აუდიოჩანაწერი, იგი მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოებისთვის, როგორც შემსრულებლების, ასევე მკვლევრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერი იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი დაინტერესება ელის.
რიგით მე-9 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, 10 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდება: 10 ნოემბერს, ფესტივალს ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გახსნის, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელების წინაშე, ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი (ხელმძღვანელი – ლიანა ჭონიშვილი) და გერმანელი დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი წარდგებიან, კონცერტის პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, ხოლო მეორე განყოფილებაში, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდება; 15 ნოემბერს, როგორც საორკესტრო, ასევე საოპერო მუსიკა აჟღერდება კონცერტზე – Opera Gala, სადაც აზერბაიჯანელი სტუმრები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და ეიუბ გულიევი (დირიჟორი) მონაწილეობენ; 24 ნოემბერს განსაკუთრებული საღამო გველოდება, „საქართველოს სინფონიეტა“, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ზურა ბალანჩივაძესთან (მთხრობელი) ერთად სპეციალურად ბავშვებისთვის გამართავენ კონცერტს – „ბაროკო ბავშვებისთვის“; 27 ნოემბრის კონცერტი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის, გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმობა, სადაც გერმანელი მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი იორგ ჰალუბეკი, „საქართველოს სინფონიეტას“ სოლისტებთან ერთად ტელემანის მუსიკას შემოგვთავაზებენ; ფესტივალი საზეიმოდ, 30 ნოემბერს დაიხურება და დასკვნით კონცერტზე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გერმანიიდან ჩამოსულ სოლისტებთან: ქრისტინე ბუშთან (ვიოლინო) და იორგ ჰალუბეკთან (კლავესინი) ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის მუსიკას შეასრულებენ.
მრავალფეროვანი კონცერტების გარდა, ფესტივალის ფარგლებში, მასტერკლასები და საჯარო ლექციები ჩატარდება. საჯარო ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, სხვადასხვა მუზეუმში გაიმართება: 16 ნოემბერს, 19:00-ზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი, სოციალური მეცნიერებების დოქტორს, ბატონ მალხაზ ერქვანიძეს უმასპინძლებს და ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე ისაუბრებს; 20 ნოემბერს, 17:00-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოციერებული პროფესორი, გვანცა ღვინჯილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ – მუზეუში, ბახის „მათეს პასიონზე“ გამართავს საჯარო ლექციას; 25 ნოემბერს, 19:00-ზე კი, მუსიკოსი შიო აბრახამია, ევროპულ და ქართულ ვოკალურ მუსიკაზე ისაუბრებს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ – მუზეუმში. საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია“, – ამბობს თეა მუქერია.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია პორტალზე www.biletebi.ge