ოზურგეთის თეატრში 156-ე სეზონი გაიხსნა ტრილოგიის მესამე ნაწილით – „ექვთიმე“
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 156-ე სეზონი გაიხსნა ტრილოგიის მესამე ნაწილით – „ექვთიმე“, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 160-ე – საიუბილეო წელს და მისი წმინდანად შერაცხვის მე-20 წელს ეძღვნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია „ექვთიმე“ მესამე, დამაგვირგვინებელი ნაწილია ტრილოგიისა (ტრილოგიის პირველი ნაწილია „გურიის დედოფალი“, მეორე ნაწილი – „რესპუბლიკა გურია“), რომლის იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – გოჩა კაპანაძე, რეჟისორი – ლალი თაბაგარი, მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი, მუსიკალური გაფორმების ავტორი – დალი დოიჯაშვილი.
სპექტაკლი ეფუძნება დოკუმენტურ მასალას, რომლის ერთ-ერთი ნაწილია მოგონებები – „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელიც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ პროექტს ახორციელებს და რომლის მიზანი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის ცხოვრების სცენური ვერსიის შექმნით ახალგაზრდა თაობის მოზიდვა და მათი თვალსაწიერის შემოქმედებით-შემეცნებითი თვალსაზრისით გამდიდრებაა.
ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ეროვნული კულტურის განვითარების, საქართველოს ისტორიის წარმოჩენის, ეროვნული საგანძურის შეკრებისა და დაცვის მამულიშვილურ საქმეში.
ტრილოგიის სამივე ნაწილით ოზურგეთის თეატრი სცენაზე აცოცხლებს გურიის ბოლო ორასი წლის ისტორიას და ამით ხელს უწყობს იმ საამაყო ქართველთა უკვდავყოფას, ვინც გურიის მიწაზე დაიბადა, გაიზარდა და ქვეყანას გმირებად, მხსნელებად, წმინდანებად მოევლინა.
ინფორმაციისთვის: ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილები – „გურიის დედოფალი“ და „რესპუბლიკა გურია“ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, რუსთავსა და გორშიც წარმოადგინეს.