„სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში“ – გურგენ გურჩიანის წიგნის წარდგენა გაიმართება
25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გაიმართება გურგენ გურჩიანის წიგნის „სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში“ წარდგენა და ანსამბლ „შგარიდას“ კონცერტი.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გამოიცა გურგენ გურჩიანის წიგნი „სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში“.
გურგენ გურჩიანის სახელი კარგადაა ცნობილი ფოლკლორულ წრეებში. პროფესიით ეკონომისტმა, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო სვანეთში ხალხური სიმღერების ჩაწერა და მოძიება. 2002 წელს ქალაქ დმანისში მცხოვრები ეკომიგრანტებისგან ჩამოაყალიბა სვანური ხალხური სიმღერა-ფერხულებისა და საგალობლების შემსრულებელი ფოლკლორული ანსამბლი „შგარიდა“. „შგარიდას“ სახელს უკავშირდება არა ერთი წარმატებული გამოსვლა როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. წიგნს თან ერთვის ანსამბლ „შგარიდას“ აუდიოალბომი, სადაც გურგენ გურჩიანის მიერ აღდგენილი და მოძიებული 25 სვანური ხალხური სიმღერა-საგალობელია შესული.
წიგნში „სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში“ წარმოდგენილია ავტორისეული მოსაზრებები სვანური ხალხური სიმღერების შედარებით უცნობი და საინტერესო ვარიანტების შესახებ. აქ წარმოდგენილია ისეთი სიმღერები, როგორებიცაა „კვირია“, „ადრეკილა“, „ჯგრაგიშ“, „გა“, „სადამი“ და სხვ. ნაშრომის დასაწყისში განხილულია ბუნების აღორძინების ხალხური დღესასწაულები და წარმოჩენილია ისინი მუსიკალურ ნიმუშებთან მიმართებაში.
წიგნს ბოლოში ერთვის მოკლე ინფორმაცია სვანური მუსიკალური ფოლკლორის მოღვაწეების შესახებ.