ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტის – „ამღერებული მუზეუმი“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ანსამბლ „დიდგორის“ ერთობლივი პროექტის – „ამღერებული მუზეუმი“ – დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე ანსამბლებმა – „დიდგორი“ და „მარგალიტი“ – მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოს ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
9 ივლისიდან თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალ პროექტს – „ამღერებული მუზეუმი“ მასპინძლობდა. რამდენიმე თვის მანძილზე რვა ფოლკლორული კონცერტი (5 სოლო კონცერტი ანსამბლი „დიდგორი“ და 3 ერთობლივი კონცერტი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლთან: „ლალხორი“, „მარგალიტი“, „ფერხისა“) და ხალხური სიმღერის 4 გაკვეთილი/ვორკშოპი ანშლაგით ჩატარდა. ანსამბლ „დიდგორის“ გარდა, ღონისძიებებში სხვა ანსამბლები და ლოტბარებიც (ლიკა ლიპარტელიანი, ბექა და გოჩა ბიძინაშვილები) მონაწილეობდნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.
პროექტის მიმდინარეობისას, რამდენიმე თვის განმავლობაში, მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი, დასწრებოდნენ ხალხური სიმღერის გაკვეთილებს და ემღერათ პროფესიონალებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „დიდგორის” ინიციატივამ საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა და მუზეუმში დამატებით მოიზიდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მსმენელი.