გიორგი ცუცქირიძე: თუ ჩვენ გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, მხოლოდ წარსულზე დაყრდნობით არსებული ბაზისი საკმარისი აშკარად ვერ იქნება
“გუშინდელმა ჩემმა პოსტმა სადაც განათლების სისტემის რეფორმირების საკითხებს შევეხე, მეტად მზარდი ინტერესი გამოიწვია, და რადგან ბევრს აინტერესებს მაინც სად ვიმყოფებით დღეს, მეტად საინტერესოა თუ როგორია ცალკეული ქვეყნების საერთაშორისო შეფასება განათლების დონის მიხედვით”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, თუ როგორია ჩვენი ქვეყნის პოზიცია განათლების ინდექსის(Education Index) საერთაშორისო შეფასებით, ცალკეული ქვეყნების მიხედვით. განათლების ინდექსი კი არის გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) კომპონენტი, რომელიც ზომავს ადამიანთა განვითარების დონეს მსოფლიოს ქვეყნებში. განათლების ინდექსი გამოითვლება ორ ფაქტორზე დაყრდნობით: ზრდასრული მოსახლეობის განათლების საშუალო წლები და 25 წლამდე ასაკის სტუდენტებისთვის სწავლის მოსალოდნელი წლები. ინდექსი 0-დან 1-მდე მერყეობს, 1 წარმოადგენს განათლების უმაღლეს დონეს.
განათლების ინდექსის გამოსათვლელად გამოყენებული მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, იუნესკოსა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით. ინდექსი იძლევა ყოვლისმომცველ სურათს ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ, როგორც განათლების ხელმისაწვდომობის, ისე მიწოდებული განათლების ხარისხის გათვალისწინებით. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოლიტიკოსებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე მთელ მსოფლიოში.
საუკეთესო განათლების მქონე ათ ქვეყანაში შედის: გერმანია, ფინეთი, ისლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, დანია, ირლანდია და სინგაპური. მონაცემების მიხედვით, საუკეთესო განათლების მქონე ქვეყანა გერმანიაა, განათლების ინდექსით 0,94. საუკეთესო განათლების მქონე მეორე ქვეყანა ფინეთია, განათლების ინდექსით 0,93. მას მოსდევს ისლანდია და ახალი ზელანდია, რომლებიც მესამე და მეოთხე ადგილზე არიან განათლების ინდექსით 0,93. ნორვეგია მეხუთე ქვეყანაა საუკეთესო განათლებით, განათლების ინდექსით ასევე 0,93. დიდი ბრიტანეთი განათლების მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილზეა განათლების ინდექსით 0,93. ავსტრალია მეშვიდე ქვეყანაა საუკეთესო განათლებით, განათლების ინდექსით 0,92. მას მოსდევს დანია და ირლანდია, ორივე განათლების ინდექსით 0,92. და ბოლოს, სინგაპური მეათე ქვეყანაა საუკეთესო განათლებით 0,92 ქულით.
უფრო გასაგები, რომ გახდეს აღვნიშნავ, რომ ყოველწლიურად, სხვადასხვა ორგანიზაცია ადგენს განათლების რეიტინგებს, რათა წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყნის განათლების სისტემა. განათლების რეიტინგში კი განიხილება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წიგნიერების დონე, დამთავრების მაჩვენებლები და სკოლებში ჩარიცხულთა რაოდენობა, სხვა საკითხებთან ერთად.
განათლების რეიტინგში მნიშვნელოვანი რეგიონალური ვარიაციებია, ჩამონათვალს განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ. ზოგადად, ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და აზია, როგორიცაა სინგაპური, კარგად გამოდიან განათლების რეიტინგში. ეს ტენდენცია შეიძლება მივაწეროთ მათ ძლიერ აქცენტს განათლებაზე და რესურსების ხელმისაწვდომობაზე.
ობიექტურობისთვის ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მქონე ქვეყნები, როგორც წესი, განათლების რეიტინგში უფრო მაღალ ადგილს იკავებს, განათლებაში ინვესტირების რესურსების ხელმისაწვდომობის გამო.
მიუხედავად ამ ფაქტორისა საქართველო არის 25 ადგილზე 0.86 ქულით. წიგნიერების მაჩვენებლით არის 17 ადგილზე, მაგრამ უკვე საგანგაშოა, რომ სასკოლო განათლების დონით, რაც არის ბაზისი უმაღლესი განათლებისათვის 55 ადგილზე ვართ მსოფლიოში. მართალია, ჩვენ ვუსწრებთ რეგიონალურ ქვეყნებს-სასომხეთს(0.74), თურქეთს-0.73, აზერბაიჯანს-0.71, რუმინეთს -0.77, უკრაინას-0.8, ბულგარეთს-0.78, მაგრამ ჩამოვრჩებით ბალტიის სახელმწიფოებს(საშუალო ინდექსი-0.9) და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ნაწილს, რომელთა რეიტინგები 0.87-0.90 ფარგლებშია(სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი).
მოსახლეობის განათლების საერთო დონით ჩვენ ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია(0.79), პორტუგალია(0.77), ესპანეთს(0.83) რომლებიც თუნდაც საბჭოთა პერიოდში განათლების საერიოზულ პრობლემებს აწყდებოდენ, განსაკუთრებით რეგიონებში. მაგრამ შედარებისათვის ჩვენი წამყვანი უნივერსიტეტები დღეს უკვე ჩამორჩებიან ამ ქვეყნების უმაღლესი განათლების კერებს.
ერთია განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მეორეა ცოდნის მიღების ხარისხი. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი გვხვდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 2022 წლის მიხედვით 571-580-ე პოზიციაზეა. შეფასების ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შედეგი თსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების თანაფარდობის კომპონენტში აქვს – 85.4 ქულა მაქსიმალური 100 ქულიდან. სხვა კომპონენტებში მისი შეფასება ძალიან დაბალია, კერძოდ: აკადემიური რეპუტაცია – 6.8; დამსაქმებლის შეფასება – 5.3; საერთაშორისო სტუდენტების წილი – 3.4; საერთაშორისო აკადემიური პერსონალის წილი – 1.2; ციტირებების რაოდენობა – 1.2.
ამიტომ, ერთი შეხედვით 25 ადგილი მსოფლიოში ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს როცა ევროკავშირის და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანანას კი ვუსწრებთ. თუმცა ამ სტატისტიკამ არ უნდა მოგვატყუოს, და თავიც არ უნდა დავიმშვიდოთ. ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ განათლების შედარებით მაღალი ხარისხი, უფრო საბჭოთა ჰანდიკაპიდან მოდის და განსაკუთრებით მოსახლეობის საშუალო ასაკის ზევით მქონე პირებში საბჭოთა განათლების სისტემიდან იღებს სათავეს, რაც განათლების და კერძოდ სასკოლო დაწესებულებებში მთელი იმპერიის მასშტაბით, წერა-კითხვის გავრცელების მასობრივ ხასიათს ატარებდა.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვსურს ახალგაზრდა თაობისათვის გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, მხოლოდ წარსულზე დაყრდნობით არსებული ბაზისი საკმარისი აშკარად ვერ იქნება.
ამიტომ, მსურს იგივე გაიმეორო, საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ახალი ეტაპი დღესვე დასაწყებია. რეფორმირების მოდელად წამყვანი ათი ქვეყნის თუნდაც გერმანიის ან ფინეთის განათლების სისტემის კომპონენტები შეგვიძლია ავიღოთ. და რადგან მისი ეფექტი 10-15 წელს მოიცავს, ამ პროცესის გადავადება კარგს არაფერს მოგვიტანს!”,- წერს ცუცქირიძე.