“საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვაა. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავრობა პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით, საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს პეკინში, რამაც ახალი იმპულსი უნდა მისცეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მიმართულებით.
“ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. განცხადების თანახმად, საუბარია პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობაზე, აგრეთვე რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე”. – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება – სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ,” რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.”
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030″ დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და სადაც მითითებულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მინისტრის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება ყველა საერთაშორისო პარტნიორის პრიორიტეტია. მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას.