ComCom-მა ალტე უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლექციის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს 5G-ის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.
სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ, კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.