“კალასების და რაისა კომუნისტკების პოლიტიკა წარსულს ბარდება და ჩვენ ვიხილავთ უახლოეს პერიოდში ჯანსაღ ევროპოლიტიკას ევროპარლამენტში” – ირაკლი ზარქუა
“ეს ერთი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია, რომელმაც აქამდე მიიყვანა ევროკავშირი ისეთი არაკომპეტენტური, ქარაფშუტული პოლიტიკის შედეგად, რასაც კალასები და მისი სადაქალო ატარებს ევროკავშირის შიგნით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ კაია კალასზე საუბრისას განაცხადა
როგორც ზარქუამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ჯანსაღ ევროპოლიტიკას ევროპარლამენტში.
“აგერ, სიახლესაც გეტყვით – სასაცილოა, ამაზე სერიოზულად კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო – შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონფერენციას აკეთებენ, საქართველო არ არის და სომხეთია მიწვეული. ჯერ ხომ გეოგრაფიის არცოდნა, მერე არაკომპეტენტურობა, ქარაფშუტობა და ეს არის სწორედ მათი პოლიტიკა.
ამავე დროს, თქვენ რომ იცოდეთ, აგერ არის ევროკომისიის დასკვნა, სადაც გამოქვეყნდა, რომ საქართველო, თავისი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მსოფლიო კრიზისების მიმართ მდგრადობის მიხედვით მსოფლიო სამეულშია. ნონსენსია – ერთი მხრივ, თავიანთივე კომისია აფიქსირებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანას, სადაც შემოდის ინვესტიციები და გვაქვს მეორე, ქარაფშუტული დასკვნა, ქალბატონი კალასების, რაისა კომუნისტკების და კუბილიუსების განხორციელებული ევროპოლიტიკის შედეგად, სადაც არის კრიზისი თვითონ ევროპარლამენტში. ეს არის ორი რეალობა. ამ კალასების და ამ რაისა კომუნისტკების პოლიტიკა წარსულს ბარდება თანდათან და ჩვენ ვიხილავთ უახლოეს პერიოდში ჯანსაღ ევროპოლიტიკას ევროპარლამენტში”, – განაცხადა ზარქუამ.