გრიგოლ ლილუაშვილი: კონსტრუქციული დიალოგი იყო, მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით
მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი გავხსენით, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს განიხილავდნენ, აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო.
„აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. დავრწმუნდი, წელსაც, როგორც წინა წელს, იმის წინა წელსაც, ზუსტად იგივე იყო, როდესაც კამერები და საჯაროობა ეცლება სხდომას, მაშინვე კონსტრუქციულ რეჟიმში გადადის ყველა და მართლა აინტერესებს საკითხები, თუმცა გარეთ რას ამბობენ, მე უკვე აღარ ვიცი. ჩაიარა ძალიან კონსტრუქციულად, იყო საქმიანი შეკითხვები, გაიცა საქმიანი პასუხები. დახურული სხდომა არ გულისხმობს იმას, რომ ვინმესთან რამე დასამალი გვაქვს, უბრალოდ, არის საკითხები, რომლის საჯაროდ გამოტანამ, მათ შორის შეკითხვის დასმამ, შეკითხვის დასმის ფორმატმაც, ზრახვებმა დააზიანოს ესა თუ ის სენსიტიური საკითხი, მათ შორის ოკუპაციის მიმართულებით, ჰიბრიდული ომის, ჯაშუშებთან გამკლავების, ტერორიზმის და ა.შ. მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი გავხსენით. თუმცა არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ფორმატისთვის და არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური ნდობის ჯგუფისთვის, რომელიც ამ კომიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობას იღებს, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.