ბექა დავითულიანი: ქვეყნის შიგნით კონსტიტუცია თუ დაირღვევა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კონსტიტუცია თუ დაირღვევა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე, რადგან ნებისმიერი ევროპული ქვეყანა კონსტიტუციაზე დგას.
„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირს მიზანმიმართულად კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა სურდეს. შეიძლება, ეს ერთხელ შეემთხვა, შეიძლება ფიქრობდა, რომ სხვაგვარი შეფასება ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამას. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად უთხრა პრეზიდენტს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და წესით მას არ უნდა გააჩნდეს სურვილი, რომ მეორედ ასე მოიქცეს. ქვეყნის შიგნით კონსტიტუცია თუ დაირღვევა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე, რადგან ნებისმიერი ევროპული ქვეყანა კონსტიტუციაზე დგას. მათი პირველი პირები ვერც კი გაბედავენ საერთოდ, რაიმე მსგავსი ნაბიჯი გადადგან, არათუ ისეთი დემონსტრაციული დარღვევა, როგორიც ქალბატონ სალომეს ჰქონდა“, – აღნიშნა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.