ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმზე მარეგულირებლების ახალ გამოწვევებზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIC) მიერ ორგანიზებულ მარეგულირებელთა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემებზე “მომავლის მარეგულირებლების სტრუქტურები და მოდელები“ და „გლობალური პროგრესი”. პანელურ განხილვაში ComCom-ის წევრთან ერთად, ბელგიის საფოსტო სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (BIPT) საბჭოს თავმჯდომარე მიშელ ვან ბელინგენი, აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) კომისარი ჯეფრი სტარქსი და ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისის (Ofcom) საერთაშორისო მიმართულების დირექტორი კამილა ბუსტანი მონაწილეობდნენ.

დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ ComCom-ის მაგალითზე დაყრდნობით, განიხილა ისეთი ტიპის მარეგულირებლების ძლიერი მხარეები და გამოწვევები, რომლებიც როგორც ტელეკომ, ასევე მედია სექტორს არეგულირებენ და ფართო ფუნქციასთან ერთად, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აქვთ. ამასთან ერთად კი, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებლების როლზე ახალ ციფრულ რეალობაში: ,,ჩვენ მივყვებით ევროკავშირის გზას. ევროკავშირის სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოსთან დინამიკური დაახლოება გვაძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას და დამატებით მოქნილობას, რაც, თავის მხრივ, გვაძლევს დამატებით დროს. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგია არ იცდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვქონდეს უფრო მკაფიო მარეგულირებელი მოდელი, სადაც ციფრული ბაზრები და შესაბამისი მარეგულირებელი კომპეტენციები მკაფიოდ იდენტიფიცირებადია’’- განაცხადა ComCom-ის წევრმა.

შეხვედრაზე ეკატერინემ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სექტორული მარეგულირებლების მანდატზე, საოპერაციო მოდელებზე და ამ მოდელების ახალ ციფრულ რეალობაში განვითარებისთვის საჭირო წინაპირობებზე: ,,ვინაიდან ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაც და ტემპიც სხვადასხვაგვარია და ინსტიტუციური მმართველობის მოდელები ძალიან განსხვავდება, რეგიონულ პროექტებზე მუშაობისას გარკვეული სირთულეები იქმნება. თუმცა, ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს უფრო დიდი დრო დავუთმოთ პარტნიორი ქვეყნების მოდელების გააზრებასა და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიდგომების შერწყმაზე კონსულტაციებს’’- აღნიშნა მან.

სხვა საკითხებთან ერთად, პანელურ სესიაზე განიხილებოდა ისიც, თუ როგორ იზრდება სფეროს მარეგულირებლების როლი როგორც ციფრული მედია პლატფორმების განვითარების, ასევე, უსაფრთხო და მდგრადი ციფრული ეკოსისტემის საჭიროების კუთხით.

მარეგულირებელთა ფორუმი კომუნიკაციების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIC) ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც კომუნიკაციის პოლიტიკისა და რეგულირების საკითხებს ეძღვნება და 40-ამდე ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიება გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციის, ფოსტისა და რკინიგზის ფედერალური ქსელის სააგენტოს (BNetzA) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები