ისრაელის დაზვერვა ისევ ჩაფლავდა, როგორც 50 წლის წინ, იომ-ქიფურის ომის დროს – რა ხდებოდა ნახევარი საუკუნის წინ

7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის პირველივე საათებიდან მთელი მსოფლიოს ანალიტიკოსებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს იყო ისრაელის დაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი. აღნიშნული მარცხი არაერთხელ შეადარეს იმას, რაც ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ მოხდა.

1973 წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტემ და სირიამ ისრაელს შეუტიეს და იომ-ქიფურის ომი დაიწყო. დაზვერვას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი თავდასხმა შესაძლებელი იყო, ამიტომარსებული ცნობები უგულებელყვეს. პროცესი ქუჩის მასობრივი დემონსტრაციებითა და მთავრობის გადადგომით დასრულდა.

ეიფორია და ამპარტავნება

ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ჟურნალისტი და ისტორიკოსი, რონენ ბერგმანი თავის წიგნში – „აღდგექ და მოკალი პირველმა” – წერს, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობაში ეიფორია და ამპარტავნება ჭარბობდა.

1967 წელს, ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელი დარწმუნებული იყო, რომ რეგიონში ვერცერთი არაბული ქვეყანა უბრალოდ ვერ შეძლებდა მასზე თავდასხმას. მთავრობას, ლეგენდარული გოლდა მეირის მეთაურობით, ეჭვი არ ეპარებოდა თავისი არმიისა და დაზვერვის სიძლიერეში. სწორედ იმ წლებში მოსადმა, რომელიც ნაცისტებსა და პალესტინელ რადიკალებზე ნადირობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურის რეპუტაცია მოიპოვა.

თუმცა, იმ წლებში იყო წარუმატებლობებიც იყო. ერთ-ერთი მარცხი 1972 წლით თარიღდება, როდესაც დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ამზადებდნენ გახმაურებულ ტერორისტულ თავდასხმას ებრაელთა ჯგუფის წინააღმდეგ, მაგრამ ინფორმაციის ნაკადში მათ შესაძლო სხვა თავდასხმების შესახებ ცნობები უგულებელყვეს. მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრების 11 წევრი დაიღუპა.

თუმცა, უკვე 1973 წლის აპრილში ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა უპასუხეს ტერორისტულ თავდასხმას ოპერაციით – „ახალგაზრდობის გაზაფხული“ – და ბეირუთში პალესტინელი მეთაურები გაანადგურეს.

ამ ოპერაციის მეთაურმა და მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა, ეჰუდ ბარაკმა თქვა, რომ იმ დღეების ამპარტავნებას „კატასტროფული შედეგები მოჰყვა მთელ ქვეყანაში“.

„რეტროსპექტივაში მეჩვენება, რომ როდესაც ჩვენ იმ ღამეს ბეირუთიდან დავბრუნდით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ არასწორი დასკვნები გამოიტანა ოპერაციის წარმატებასთან დაკავშირებით. ამან უსაფუძვლო თავდაჯერებულობა წარმოშვა. შეუძლებელია ვიწრო, მიზანმიმართული ოპერაციის შედეგების ექსტრაპოლაცია მთელი არმიის საბრძოლო ეფექტურობაზე“, – ციტირებს რონენ ბერგმანი ეჰუდ ბარაკს.

 უარყოფილი ინიციატივა

1973 წლის მარცხი მართლაც ისრაელის ხელმძღვანელობის ამპარტავანი საქციელით დაიწყო.

იმ წლების აშშ-ის ლიდერები ეყრდნობოდნენ იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დროის საკითხი იყო. ეგვიპტე აუცილებლად შეეცდებოდა სინაის ნახევარკუნძულის დაბრუნებას, ცნობილ კურორტ შარმ ელ-შეიხთან ერთად, რომელიც ისრაელმა 1967 წლის ომის შემდეგ აიღო.

ჰენრი კისინჯერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა სამშვიდობო ინიციატივა გამოიჩინა და მხარეებთან მოლაპარაკება დაიწყო. კულმინაცია 1973 წლის 25-26 თებერვალს დადგა, როდესაც ეგვიპტისა და ისრაელის წარმომადგენლები ერთმანეთს ნიუ-იორკში, უსაფრთხო სახლში შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთისთვის თავიანთი ქვეყნების ლიდერების შეტყობინებები გადაეცათ.

ეგვიპტემ შესთავაზა ისრაელს სინაის ნახევარკუნძულის დაბრუნება, ადგილზე ისრაელის არმიის შენარჩუნებით, რასაც, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ, ჯარის ეტაპობრივი გაყვანა მოჰყვებოდა. თუმცა, თუ ეს ინიციატივა არ განხორციელდებოდა 1973 წლის სექტემბრამდე, ეგვიპტე იტოვებდა უფლებას, ძალით დაებრუნებინა ტერიტორია.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, გოლდა მეირმა უარი თქვა. ის 1975 წლის ავტობიოგრაფიაში – „ჩემი ცხოვრება“ –  მომდევნო მოვლენებს ასე აღწერს: „კატასტროფასთან ახლოს… კოშმარი, რომელიც მე გადავიტანე და რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან“.

კოდი, რომელიც იგნორირებული იყო

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ეყრდნობოდა იმ აზრს, რომ არცერთ არაბულ სახელმწიფოს არ შეეძლო, ფიზიკურად ან ტექნიკურად ებრძოლა ისრაელთან.

მოსადმა და სამხედრო დაზვერვამ შეცდომების სერია დაუშვეს. მაგალითად, მათ ეგვიპტეში 1973 წლის ზაფხულში დაწყებული შეიარაღებული ძალების მოძრაობები სამხედრო წვრთნებად მიიღეს.

ზოგიერთი ინფორმაცია არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, ნაწილი კი, უბრალოდ, ქვეყნის ხელმძღვანელობას არ ეცნობა. 1973 წლის აგვისტოში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მოშე დაიანმა თქვა: „ძალების საერთო ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ არის, ეს აჭარბებს ყველა სხვა არაბულ მოსაზრებას და მოტივს და ხელს უშლის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ განახლებას”.

1973 წლის 25 სექტემბერს იორდანიის მეფე ჰუსეინი ფარულად ჩავიდა ისრაელში. მან გოლდა მეირს განუცხადა, რომ, სანდო წყაროს ინფორმაციით, სირია ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდა და ეგვიპტის თავდასხმაც სავარაუდო იყო.

აქ დადგა დრო, რომ ისრაელის მთავრობის სამხედრო ბლოკს შეცდომა დაეშვა. მათ მიიჩნიეს, რომ ეგვიპტის ომში შესვლა ნაკლებად სავარაუდო იყო და მხოლოდ სირიის თავდასხმა დიდ საფრთხეს არ უქმნიდა ისრაელს.

1973 წლის 5 ოქტომბერს მოსადის ხელმძღვანელი, ცვი ზამირი ლონდონში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტის, ანვარ სადათის მრჩეველს, აშრაფ მარვანს, რომელიც მოსადის აგენტი გახლდათ. მან ცვი ზამირს გარკვეული კოდი გადასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ომი მალე დაიწყებოდა. თუმცა, გოლდა მეირმა ამის შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყო. იგი არასდროს ენდობოდა მარვანს, როგორც ინფორმაციის ღირებულ წყაროს.

ომის შემდეგ ჩვენება მისცა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, დავით ელაზარმა. როგორც მან განაცხადა,  სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მოსადი ან სამხედრო დაზვერვა მას 48 საათით ადრე გააფრთხილებდა ომის შესახებ, რაც საკმარისი იქნებოდა სამხედრო რეზერვების მობილიზებისთვის. თუმცა, არავის გაუფრთხილებია…

იომ-ქიფურის ომი

როგორც თანამედროვე მოვლენებში, თავდასხმა მოხდა იომ-ქიფურის დღესასწაულზე, როდესაც ებრაელი მორწმუნე მარხულობს, ღმერთს შენდობას სთხოვს და მიცვალებულებს იხსენებს.

ფრონტის ხაზზე ისრაელის ჯარისკაცების მინიმალური რაოდენობა იყო. ეგვიპტე თავს დაესხა სინაის სირია – გოლანის მაღლობიდან. აქ ბოლო შეცდომა სამხედროებმა და დაზვერვამ დაუშვეს – არასწორად შეაფასეს ეგვიპტისა და სირიიდან თავდასხმის ტაქტიკა.

ამან პოზიციების მიტოვების აუცილებლობა და პირველ სამ დღეში 50 მებრძოლის დაკარგვა გამოიწვია. ისრაელმა კონტრშეტევა განახორციელა მომდევნო 19 დღის განმავლობაში, დაიღუპა 2656 ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის –  მაღალი რანგის.

აშშ-ისა და სსრკ-ს შუამავლობით, ომი 25 ოქტომბერს შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები