ეროვნული გალერეა თამაზ ვარვარიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  თამაზ ვარვარიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მხატვრის შემოქმედების მიმოხილვას წარმოადგენს და 1968 წლიდან დღემდე 50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.
„თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების ქართველ მხატვართა შორის მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების მხატვარია; გახლავთ უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების მქონე ორგანიზატორია, გრაფიკოსთა და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი, პედაგოგი, რომელმაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
საბჭოთა პერიოდში ძალიან რთული მოსაძებნი იყო რეალობაზე მხატვრული კომენტარის გაკეთების ფორმა. მიუხედავად ამისა, მხატვარმა შექმნა იმდროინდელი რეალობისთვის უცხო და ზოგადი იდეოლოგიური კონტექსტიდან ამოვარდნილი ნამუშევრები. მისი მხატვრული ძიებები კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასიათდება. ამასთანვე, დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად, იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მინიმალური გამოყენებით მხატვარი ქმნის სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას ირეალურ, განზოგადებულ, ნაკლებად ფერადოვან, შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე.
ოთხი ათეული წლის შემდეგ უკვე არსებობს გამოცდილება, წარსულის დისტანციიდან დანახვის საშუალება, რაც მარადიულსა და წარმავალზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს. ამის ნათელი მაგალითებია მხატვრის მიერ შესრულებული გრაფიკული სერიების ციკლი: „წესრიგი“ – პრინტს მიმსგავსებული, ხელით შესრულებული, სიმეტრიულად დადებული ქვების მსგავსი ობიექტები – 1, 2, 3… რეალური სამყაროს ფილოსოფიურ-მათემატიკური მოდელირება, რომლის მიზანია დახვეწილი სისტემების შექმნა; „ვარიაციები ქართული ანბანის თემაზე“- 14 უძველეს ანბანთა შორის უძველესი ქართული ანბანის გრაფიკული ორიგინალობისა და თანამედროვეობის შერწყმა, ტრადიციის ფილოსოფიური კატეგორიებით გააზრება, როცა საგნის არსი იძენს სიმბოლურ ხასიათს და თანაც არ კარგავს ჟღერადობას – როგორც ელემენტის, საგნის წარმოჩენა სახვით ხელოვნებაში.
თამაზ ვარვარიძე მოაზროვნე მხატვარია. მისი შემოქმედება მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორი – ალექსანდრა გაბუნია.
გამოფენა  14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები