პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები
“პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.