თინა ბოკუჩავა: ეჭვია, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მიერ – კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან კენჭისყრა ფარულია
“ეჭვია, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან. დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი იყო, მე, დავით ხაჯიშვილი, ანი წითლიძე და აკო მინაშვილი, თუ რომელიმეზე ეჭვი აქვს ვინმეს, დიდი სურვილი მაქვს, ეს პირადად მოვისმინო”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული ინფორმაცია კენჭისყრის ფარულობიდან გამომდინარე არ აქვს.
„კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან კენჭისყრა ფარულია, თუმცა, როგორც კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უფრო ახლოს სხედან იმ ადგილთან, ფიქრობენ, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან. ეს არის ეჭვი. ამ შემთხვევაში, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს 85 ხმა, რომელსაც ემატება მისი სატელიტური პარტიის, ინჯიას პარტიის მხარდაჭერა და ერთი ხმა სჭირდებოდათ, რათა 90 ხმით დაემტკიცებინათ კლანის მორიგი წევრები. ერთი მათგანი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილი. ეტყობა ეს მემკვიდრეობით გადაცემული მოსამართლეთა მანტია ივანიშვილის რეჟიმისთვის უკვე მისაღებია კლანის განმტკიცებაში. ეს ყველაფერია, გარდა ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა, რომელიც მოითხოვს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და არა მორჩილ მოსამართლეთა თაობები, რომლებიც ივანიშვილის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. აღსანიშნავია, რომ ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“ ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს. ამასთან, მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს. ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.