პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 614 ბავშვი და 370 ქალია.
„ისრაელის აგრესიის შედეგად, რომელიც მეშვიდე დღეა გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა, საიდანაც 614 ბავშვი და 370 ქალია, დაშავებულია 7 696 ადამიანი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პალესტინის ჯანდაცვის უწყებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში განუწყვეტელი დაბომბვისა და ცენტრალური ელექტრომომარაგების არარსებობის გამო, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.