აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელს სთხოვა, გადადოს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, სანამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის „უსაფრთხო დერეფანი“ არ შეიქმნება.
ამის შესახებ რუსული მედია Fox News-ზე დაყრდნობით იუწყება.
დააკმაყოფილა თუ არა აღნიშნული მოთხოვნა ისრაელის მხარემ, ტელეარხი არ აკონკრეტებს.
ამავდროულად, Fox News-ი აღნიშნავს, რომ ასეთი მოთხოვნა თეთრი სახლის ოფიციალური პირების მხრიდან მანამდე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, რომლებიც მოუწოდებდნენ ისრაელს, რომ „ჰამასის“ გახმაურებულ თავდასხმებზე საპასუხოდ „ომის კანონები დაეცვათ“.
გარდა ამისა, პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ კონფლიქტის ზონიდან პირველი ჩარტერული რეისი უკვე განხორციელდა, რომელშიც დაახლოებით 100 ამერიკელი იმყოფებოდა.