ComCom-ის წევრმა ივანე მახარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მედიაგარემო და ტელეკომ პროექტები შეაჯამა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოში მედიისა და ტელეკომ სექტორში არსებული გარემო შეაფასა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული შედეგების შეჯამებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საინფორმაციო საზოგადოება, აუდიო-ვიზუალური და მედიის სფერო, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა, კულტურა, ასევე, სპორტი და ფიზიკური აქტივობა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მიმდინარე სამუშაო პროცესი განიხილეს.

სიტყვით გამოსვლისას, ივანე მახარაძემ ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ტელეკომუნიკიების სფეროში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების და ComCom-ის პროექტების, მათ შორის, ჩატარებული 5G აუქციონისა და ტელეკომ ბაზრის მიმდინარე კომპლექსური კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ევროკავშირის მხარემ, რომელსაც ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და ეუთოს სამმართველოს უფროსი, ედუარდ აუერი ხელმძღვანელობდა, საქართველოში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონის მიღება დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები