თეა წულუკიანი დუშეთის, ბორჯომისა და ახალციხის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის, ბორჯომისა და ახალციხის სალოტბარო სკოლებს ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად გაეცნო სკოლების საქმიანობასა და საჭიროებებს.
თეა წულუკიანი შეხვდა ლოტბარებს და მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და რეგიონში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და განვითარებაა. ამ მიზნით დაგეგმილია წლის ბოლომდე ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა. მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის სალოტბარო სკოლებს.
ინფორმაციისთვის: დუშეთის სალოტბარო სკოლა დაფუძნდა 2015 წელს. დღევანდელი მდგომარეობით იქ 27 მოსწავლეა რეგისტრირებული, რომელთაც ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას ლოტბარი ზვიად მიჩილაშვილი აცნობს.
ბორჯომის წარმომადგენლობა დაფუძნდა 2015 წელს. სალოტბარო სკოლაში საქმიანობენ რეგენტი ტატიანა ივანიძე და ლოტბარი ლელა მუხურაძე. ამჟამად სკოლაში რეგისტრირებულია 31 მოსწავლე.
ახალციხის წარმომადგენლობა დაფუძნდა 2019 წელს. იქ ახალგაზრდებთან მუშაობს ორი ადგილობრივი სპეციალისტი – რეგენტი ქეთევან კოპაძე და ლოტბარი ზაზა თამარაშვილი. დღეისთვის ახალციხის სალოტბარო სკოლაში 38 მოსწავლეა რეგისტრირებული.
სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 30 სალოტბარო სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები უსასყიდლოდ სწავლობენ ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ხალხურ სიმღერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები