ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა
გამოჩენილი ქართველი თეატრმცოდნის, ნათელა ურუშაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
„ნათელა ურუშაძე 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. იგი იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.
უმნიშვნელოვანესია ნათელა ურუშაძის წვლილი ქართული თეატრის კვლევასა და პოპულარიზაციაში, ქართული თეატრმცოდნეობის განვითარებაში. იგი არის ათეულობით წიგნისა და სტატიის ავტორი. არაერთი მონოგრაფია და ნაშრომი მიუძღვნა გამოჩენილი მსახიობების, რეჟისორების, სცენოგრაფების შემოქმედების, ქართული თეატრის ისტორიისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების კვლევას. შესანიშნავმა მთხრობელმა ტელეგადაცემებითა თუ საჯარო ლექციებით მოზარდთა არაერთი თაობა აზიარა სასცენო ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროს. მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მან თეატრმცოდნეთა, მსახიობთა და რეჟისორთა თაობები აღზარდა.
ნათელა ურუშაძეს ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი. იგი იყო საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნათელა ურუშაძის ხსოვნასა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.