ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასმა” აჩვენა, რომ ცივილიზაციის მტერია”.
ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომელიც დღეს თელ-ავივში ჩავიდა.
ნეთანიაჰუმ ის სისასტიკე ჩამოთვალა, რომელიც “ჰამასმა” ჩაიდინა.
„ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალზე ახალგაზრდების მკვლელობა, მთელი ოჯახების ამოხოცვა, მშობლების მკვლელობა შვილების თვალწინ და ბავშვების მკვლელობა მშობლების თვალწინ, ადამიანების ცოცხლად დაწვა, პატარა ბიჭისთვის თავის მოკვეთა, გატაცება – არა მხოლოდ გატაცება, შეურაცხყოფა, თავდასხმა, დაჭრა და ამ საშინელებების აღნიშვნის ამაზრზენი გამოვლინება”,- თქვა მან.
მისივე თქმით, „არცერთი ქვეყანა არ უნდა აძლევდეს “ჰამასს” თავშესაფარს და ვინც ამას აკეთებს, სანქციებით უნდა დაისაჯოს”.
ნეთანიაჰუმ ბლინკენს აშშ-ის პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, “მადლობა, რომ დღეს აქ ხართ. მადლობა, ამერიკა”.