„დაე, კაცებმა იბრძოლონ ერთმანეთთან, ბავშვებს და ქალებს შეეშვით“ – პუტინი ისრაელის ომის მხარეებს მიმართავს
„საშინელებაა, რაც ხდება. ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეში განრისხება ძალიან დიდია, მაგრამ როგორიც უნდა იყოს ორივე მხრიდან განრისხების დონე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმამდე ან ნულამდე დავიყვანოთ დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობაში – ქალებში, ბავშვებში, მოხუცებში”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა “რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის” პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „თუ კაცები გადაწყვეტენ ერთმანეთთან ბრძოლას, დაე, იბრძოლონ ერთმანეთთან. დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს. ეს ორივე მხარეს ეხება“.
კრემლის ლიდერის თქმით, პალესტინის პრობლემა ყოველი მუსლიმის გულში დევს და უსამართლობად აღიქმება.
„თავიდან საუბარი იყო ორი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის შექმნაზე. როგორც ცნობილია, ისრაელი შეიქმნა, მაგრამ პალესტინა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ჯერ კიდევ არ შექმნილა“, – თქვა მან.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში.