„პარალელები აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის შეუსაბამოა“ – არძინბა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის პირველ არხზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პარალელები აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის შეუსაბამოა.
„მთიანი ყარაბაღი არ იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გაეროს არც ერთი წევრისთვის. თვით სომხეთმაც კი არ აღიარა და არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა მთიან ყარაბაღთან მთელი ამ წლების განმავლობაში…
ცალსახად მინდა ვთქვა, რომ პარალელები აფხაზეთის რესპუბლიკასა და მთიან ყარაბაღს შორის არ არის მიზანშეწონილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები (რუსეთთან) და მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ, აღიარა ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი – ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, – აღნიშნა არძინბამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ყარაბაღში ვითარება დასტაბილურდება.
„ჩვენ ვუყურებდით და გულის ტკივილით ვუყურებთ იმას, რაც იქ ხდება. ეს ჩვენთვის უცხო არ არის. ჩვენთვის ეს ხალხი ახლობელია. აფხაზეთში ბევრი სომეხი ძმა გვყავს და სომხური თემი საკმაოდ დიდია. ჩვენ აქტიურად ვურთიერთობთ და მომავალიც გავაგრძელებთ ურთიერთობას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს ინალ არძინბამ არ გამორიცხა, რომ ყარაბაღიდან დევნილების ნაწილი აფხაზეთში წასულიყო. ამავდროულად, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს „მასობრივი ფენომენი არ იქნება“. მან ასევე მიუთითა აფხაზეთის პოლიტიკის „გარკვეულ სავიზო ელემენტებზე“ სომხეთის მოქალაქეების მიმართ.