“აფხაზეთი ბელარუსსა და რუსეთთან ერთად შესაძლოა, საკავშირო სახელმწიფოში შევიდეს” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ “აფხაზეთი მხარს უჭერს აყვავებულ საკავშირო სახელმწიფოს, რომელშიც შესაძლოა, შევიდეს ბელარუსსა და რუსეთთან ერთად”.
ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხზე გადაცემა „დიდ თამაშში“ თქვა.
„ჩვენ ვართ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპის დაცვის მომხრე, როდესაც სახელმწიფოთაშორის გაერთიანებებში ქვეყნებს პატივს სცემენ, პატივს სცემენ მათ იდენტურობას, მათ კულტურულ კოდს“, – აღნიშნა მან.
არძინბამ განმარტა, რომ “აფხაზეთის წარმომადგენლები ახლა აქტიურად სწავლობენ საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილებას და რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა სფეროში”.
მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებაზე საუბრისას, მან თქვა, რომ ამის საფუძველი უკვე იქმნება.
„ჩვენ ვქმნით საფუძველს ამ გადაწყვეტილების მისაღებად. აღიარება თავისთავად ვერ წარმოიქმნება, აღიარება უნდა მომზადდეს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრინციპები და დავიწყოთ სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება, რასაც ახლა ვაკეთებთ ჩვენს ბელარუს ძმებთან ერთად“, – განაცხადა მან.
ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ ბელარუსის ბაზრებზე აფხაზური საქონლის პირველი მიწოდება უკვე განხორციელდა და ახლა მხარეები სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ, მათ შორის, ოჩამჩირის რაიონში დიდი სანატორიუმის და საკურორტო კომპლექსის მშენებლობა განიხილება.
მან ასევე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მინსკში გაემგზავრება დიდი “სამთავრობო დელეგაცია”, რომელიც დაამყარებს ინდუსტრიულ თანამშრომლობას ბელარუს კოლეგებთან.