“მნიშვნელოვანია, თითოეული ქალი თავის ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგეს ისე, რომ წელიწადში ერთხელ მაინც სკრინინგი ჩაიტაროს” – ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

“შენი სიცოცხლე შენს ხელშია, ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ  მაინც  სკრინინგზე აუცილებლად უნდა წავიდეს,” ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა – საქართველოს“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება Hope-ის საბჭოს წევრმა, მეგი თედეევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც თედეევმა აღნიშნა, დიაგნოზი  რაც შეიძლება ნაადრევ სტადიაზე უნდა იქნეს  დასმული, რათა დაავადება უფრო მარტივად სამართავი იყოს.  მისი თქმით,  ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.

“ვარდისფერი  ოქტომბერი” მთელი  მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება,   ეს  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.  ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის  ცნობიერების ამაღლება სწორედაც რომ უმნიშვნელოვანესია.  დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა  შეიარაღებით იწყება.  შეიარაღება,  პირველ ყოვლისა,  ის ინფორმაციაა, თუ რას ნიშნავს აღნიშნული დიაგნოზი, რა გზებით  შეიძლება,   კიბო  დავამარცხოთ.  ამიტომ,  ოქტომბერი  ყველაზე ვარდისფერი,  ხმაურიანი, მასშტაბურია. ამ თვეს  მსოფლიოში   უამრავი ქვეყანა აღნიშნავს.  ჩვენ საქართველოში ოქტომბერს ძალიან ხმაურიანად  შევხვდით,  აქტივობებით ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი გავავარდისფრეთ.

მე  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია  “ევროპა დონა -საქართველოს” წარმოვადგენ,  ჩვენმა ორგანიზაციამ   “ვარდისფერი ოქტომბერი” ვარდისფერი კამპანიით დაიწყო. ჩვენი მთავარი გზავნილები საზოგადოებაში სწორედ  ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, იმას  – რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ გზავნილი –  “შენი სიცოცხლე შენს ხელშია, რაც  იმას  ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ  მაინც  სკრინინგზე აუცილებლად უნდა წავიდეს, რათა სხვადასხვა გართულება თავიდან აიცილოს. ამას გარდა, გვქონდა ვარდისფერი მარათონი, რომელშიც  არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის გოგოები, არამედ უამრავი მოხალისე ჩაერთო.  სკრინინგ ცენტრიდან   დიდი მხარდაჭერა გვაქვს,  ჩვენ – ყველა ვემსახურებით ამ საერთო იდეას, რომ დიაგნოზი  რაც შეიძლება ნაადრევ სტადიაზე იქნეს  დასმული, რათა დაავადება უფრო მარტივად სამართავი იყოს. ამასთან,  კამპანიის ფარგლებში  უამრავი ფოტოსესია გვქონდა, ამით სტიმულს ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც  მკურნალობის  გზას ახლა გადიან.  ის მესიჯი რომ  –  “მე გადავრჩი, გავიმარჯვე და შენც შეგიძლია, მარტო არ ხარ” –  აუცილებელია. როცა ჩვენგან, პაციენტებისგან მხრიდან მოდის ეს  მესიჯები, პაციენტებისთვის, რომლებიც  ამ გზას  ახლა გადიან,  ეს დიდი ძალაა. ისინი  ხედავენ  ადამიანებს, ვინც ამ დაავადებასთან იბრძოდა, ახლა კი   ცხოვრებას  სილაღით აგრძელებენ”, – განაცხადა მეგი თედეევმა.

მისი თქმით,  სტატისტიკა აჩვენებს,  რომ, მიუხედავად უფასო სკრინინგისა, კვლევაზე  მიმართვიანობა დაბალია.

“სამწუხაროდ, ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ თბილისშია, თუმცა, ჩვენ  ამით არ შემოვიფარგლებით და რეგიონული გასვლები გვაქვს ხოლმე, რადგან პაციენტებს აუცილებლად სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი და მოტივაცია, არამედ – ცნობიერების ამაღლება, ქალებს სკრინინგზე წასვლისკენ მოწოდება სჭირდებათ.

როგორც გითხარით, სკრინინგის პროგრამიდან კარგი ხელშეწყობა გვაქვს, 40 წლიდან სკრინინგი უფასოა, თუმცა, სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა, მიუხედავად უფასო სკრინინგისა, მიმართვიანობა ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ  დიაგნოზის წლოვანება შემცირდა. თუ ადრე ეს დიაგნოზი  ცოტა უფრო მაღალი ასაკიდან იყო, ახლა გავრცელებულია ისე, რომ, თითქოს,  ამ დაავადებამ ზღვარი დაკარგა. ასაკობრივი ზღვარი არ აქვს, შეიძლება, 18, 22 წლის ადამიანებსაც დაემართოთ.   ამიტომ, მნიშვნელოვანია,  თითოეული ქალი თავის ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგეს ისე, რომ წელიწადში ერთხელ მაინც  სკრინინგ კვლევა ჩაიტაროს. როგორც ვთქვი, ეს  40 წლიდან ზემოთ უფასოა, 40 წელს ქვემოთ სკრინინგი, საბედნიეროდ, ხელმისაწვდომია და   ისეთ თანხებს არ უკავშირდება, რომლის  გამოყოფაც  ადამიანს  საკუთარი ჯანმრთელობისთვის  არ შეეძლოს.

არ შემიძლია,   რომ  ჩემი პირადი მაგალითი არ მოგიყვანოთ. მე დიაგნოზი 3 წლის წინ, ხელით შეხების დროს აღმოვაჩინე,  იმავე დღეს წავედი და  სკრინინგ კვლევა ჩავიტარე. ეს ინფორმაცია აუცილებელია მათთვის, ვინც რაღაცას გრძნობს და  ექიმთან იმ იმედით არ მიდის,  რომ საგანგაშო არაფერი იქნება, ეს საკუთარ ჯანმრთელობასთან თამაშია. მე რომ ასე არ  მოვქცეულიყავი,   ძალიან ცუდი შედეგები მექნებოდა. ჩემმა მობილიზებამ, რომ წავედი და კვლევა იმავე დღეს ჩავიტარე  –  ჩემი დაავადება მართვადი   გახადა  და კარგ შედეგებზე დროულად გავედი.  კიბო არის დაავადება,  რომელიც სიგნალებს, ჩივილებს მხოლოდ გვიან სტადიებში იძლევა”, – განაცხადა მეგი თედეევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები