„ევროპალია – საქართველო“ –  მხატვარ ელენე ჩანტლაძისა და „Rooms Studio“-ს დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მის ფარგლებში მხატვარ ელენე ჩანტლაძისა და „Rooms Studio“-ს (რუმს სტუდიო) დიზაინერების, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას, ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა.
„ექსპოზიცია, რომელსაც დამთვალიერებელი ანტვერპენში 2024 წლის 7 იანვრამდე იხილავს, გამოკვეთს სამი მხატვარი ქალის საერთო კონცეფციას – ასახულს მათ ნამუშევრებში. კერძოდ, ესაა მათი ყოველდღიურობა, ინტერიერის გარე და შიდა ელემენტები, ცხოვრების ინტიმური თუ საჯარო მხარეები – დაკვირვებისა და ემანსიპაციის სივრცე. წარმოდგენილ ნამუშევრებში, ერთი მხრივ, მათი უშუალო გარემო, შემოქმედებითი ინსპირაცია და სხვადასხვა მასალა, ხოლო, მეორე მხრივ, ტრადიციები და ხალხური პრაქტიკა ერთ მთლიან ვიზუალურ წარმოდგენად ტრანსფორმირდება.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალს „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით – წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
ფესტივალის სტუმრებს, ოთხი თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპის საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის ორი მთავარი, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური, გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“. პირველი გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR).
„ევროპალიაზე“ ასევე წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ფესტივალზე გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივაც. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2023 წლის „ევროპალიის“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/programme.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები