“ისრაელზე ჰამასის კარგად ორგანიზებული შეტევა, არის ფაქტობრივად დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და თუ საომარ მოქმედებებში ჰესბოლაც ჩაერთო, გლობალური კონფლიქტი უკვე ირანის ჩართულობით სახეზე იქნება”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ს და ისრაელის მაგალითმაც აჩვენა, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით, ცარიელი პოპულიზმით, რადიკალიზაციით და ქულების დაწერით ქვეყანა შეიძლება თავზე დაგემხოს.
“და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: „წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”. /გამოცხადება 16:1-2/
ცოდვებში ჩაძირული კაცობრიობა, რომ არმაგედონისაკენ მიექანება, ამის არაერთი ნიშანია და პირველ რიგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლის და უსაფრთხოების ფაქტობრივად მოშლაშია საძიებელი. როდესაც რუსეთმა გასულ წელს კოლექტიურ დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა და ნატოს ახალი რეკონსტრუქცია მოითხოვა, არა თუ ახალი წევრების მიღებაზე ბლოკირებით, არამედ თვით გასული საუკუნის 90-იანი წლების პარიტეტზე დაბრუნებით, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს არ იქნებოდა ხანმოკლე დაპირისპირება და მანამდე არსებული ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთებოდა.
ისიც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთი მარტო არ იქნებოდა. აქ მხოლოდ ჩინეთი ან ირანი როდი იგულისხმება. ყველა ის ქვეყანა, ძალა თუ სამხედრო – იდეოლოგიური შენაერთიც ვინც აშშ-ს მიიჩნევს “მწვანე სატანად”, ხოლო დასავლეთს გარყვნილების ფორფოსტად.
თუ დღემდე ეს ძალები შედარებით “გაუჩინარებულნი” იყვნენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი ჩართვა ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში არ მოხდებოდა და ნელი მოქმედების ნაღმივით ამოქმედდებოდა. როდესაც აშშ-ს კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ჩავარდა, მაშინ რამდენიმე კონგრესმენმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამით ყველა ეს ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფება ეცდებოდა აშშ-ს სისუსტის და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის გამოყენებას.
ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი და ფაქტობრივად, პოლიტიკურ კოდად ქცეული მეორე ფრონტის გახსნაც ზოგადად დასწრებაზეა. რუსეთმა რომელიც უკრაინაში ფაქტიურად “ბუქსაობს” აქეთ გაუხსნა აშშ ს მეორე ფრონტი. ისტორიულადაც ხომ ცნობილია, რომ გლობალურ ომებში ხშირად ამ ომების ბედი, ერთ ან მეორე მხარეს გარე პერიფერიულ ძალებს გადაუწყვეტიათ!
ეს თვალსაზრისი რა თქმა უნდა სიმართლის დიდ მარცვალს შეიცავს, თუმცა მიმაჩნია, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა. ეს აღარ არის თუნდაც რეიგანის ამერიკა, რომელიც თავის ქრისტიანულ მრწამს არც მალავდა. სამწუხაროდ, ლიბერალიზმის არასწორმა ინტერპრეტაციებმა და თავისუფლების და ადამიანთა უფლებების ერთ კონკრეტულ ჯგუფებზე ექსკლუზივმა, აქ მხოლოდ ლგბტ თემები არ იგულისხმება, ხოლო ბიბლიის საწყისის ეჭქვეშ დაყენებამ, თავად მსოფლიო დემოკრატიის ციტადელის სამართლიანობა დააყენა ეჭქვეშ!
აშშ-ში შიდა სამოქალაქო დაპირისპირებაც უკვე წლებია მიმდინარეობს, ხოლო ელიტების მიერ შემოთავაზებული ცხოვრების მოდელი მოსახლეობის არც თუ მცირე, უფრო ტრადიციული და კონსერვატორული ოჯახებისათვის უბრალოდ მიუღებელია!
ისრაელზე ჰამასის კარგად ორგანიზებული შეტევა, არის ფაქტიურად დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და თუ საომარ მოქმედებებში ჰესბოლაც ჩაერთო, გლობალური კონფლიქტი უკვე ირანის ჩართულობით სახეზე იქნება. ეს ისედაც ცხადია, რადგან ჰამასის უკან, რომ ფაქტიურად ირანი დგას არც არავინ უარყოფს და მოსკოვსაც, რომელიც ჰამასის თუ ჰესბოლას ტიპის ტერორისტულად შერაცხული ორგანიზაციების ისტორიული მოკავშირეა, ახლა სასიცოცხლოდ, რომ სჭირდება უკრაინიდან ყურადღების გადატანა არც ეგ არის რაიმე საიდუმლო!
შემთხვევითი არ არის, რომ დასავლეთის უკვე არაერთ გამოცემაში ღიად მიანიშნებენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე, აქ შეიძლება შეფასებები ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონი მოვლენათა განვითარების ეპიცენტრიდან შორს ვერ იქნება.
ნებისმიერი შიდა დაპირისპირება და არეულობა თანმდევი დესტაბილიზაციით არა თუ ევროკავშირს დაგვავიწყებს კარგა ხნით, არამედ თავად ქვეყნის განვითარება დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ! სიტუაცია კი იმდენად ფეთქებად საშიშია, რომ ერთ საათში ყველაფერი შეიძლება ჩამოიშალოს, რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის მოვლენების განვითარება რა სახეს მიიღებს და ისრაელის არმიამ შედარებით მოკლე დროში წესრიგიც, რომ აღადგინოს რაც მოხდა უკვალოდ არ ჩაივლის!
აშშ-ს და ისრაელის მაგალითმაც გვიჩვენა, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით, ცარიელი პოპულიზმით, რადიკალიზაციით და ქულების დაწერით ქვეყანა შეიძლება თავზე დაგემხოს! სამწუხაროდ, ეს ჩვენმა ისტორიულმა გაკვეთილებმაც კარგად გვანახა გასული საუკუნის 20 -იან წლებში, როდესაც დამოუკიდებლობა დავკარგეთ!”,- წერს ცუცქირიძე.
კომენტარები
კომენტარი