“ფაქტის შესახებ სკოლამ არ იცოდა, ძალიან კარგი გოგონა იყო” – რას აცხადებენ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 14 წლის მოკლულ გოგონაზე

დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის იძულებითი ქორწინების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„რა თქმა უნდა, სკოლამ მოიკითხა, რატომ არ  ცხადდება ბავშვი სკოლაში, ოჯახმა კი განაცხადა,  რომ ორ დღეში აუცილებლად მივიდოდა სასწავლო დაწესებულებაში. მათი თქმით, ის სტუმრად იყო წასული გარდაბანში. ამ ფაქტის შესახებ არავინ არ იცოდა, მათ შორის, არც სკოლის დირექტორმა  და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით.

ბავშვმა სასწავლო წელი დაამთავრა სრულად, დირექტორის ინფორმაციით, ძალიან კარგი გოგონა იყო. ახლა 15-ში არ გამოცხადდა და 23 -ში დამრიგებელმა განახორციელა მშობელთან ზარი, მაგრამ მშობელი არ გამოვიდა კონტაქტზე. რომ დაიბარეს, მშობელი სკოლაში მხოლოდ 5 ოქტომბერს მივიდა და განაცხადა, რომ ორ დღეში ბავშვი მივიდოდა სასწავლო დაწესებულებაში“,- აღნიშნეს დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში „რუსთავი 2-თან.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის პოლიცია 30 წლამდე კაცს ეძებს. ალიმ ასლანოვის ადგილსამყოფელი უცნობია. მოკლული გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ორი თვეა, რაც მამაკაცმა ცოლად მოიყვანა, თუმცა 14 წლის გოგო, მათი თქმით, ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და სახლიდან წასვლას გეგმავდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები