თეა წულუკიანი ბელგიაში ხატია ბუნიათიშვილის სოლო კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის, სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც ბრიუსელის კულტურის ცენტრ „ბოზარში“ გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხატია ბუნიათიშვილმა მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა აუდიტორიას – შეასრულა ბახის, შოპენის, შუბერტის, ლისტის ნაწარმოებები.
აღსანიშნავია პიანისტის მიერ „ბისზე“ შესრულებული გია ყანჩელის კომპოზიცია.
სოლო კონცერტმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიაში ოფიციალურად გაიხსნა კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით – წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
ოთხი თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-მდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპის საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის ორი მთავარი, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“.
პირველი გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR). გამოფენა 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს და მოიცავს 25 მხატვრის 300-მდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა – ,,საქართველო – შეხვედრების ადგილი“ 27 ოქტომბერს გაიხსნება ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში. აქ ოთხი თვის განმავლობაში გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული 200-მდე ექსპონატი. გამოფენა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას ასახავს ნეოლითის ხანიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული და ვანის მუზეუმების კოლექციები. საგულისხმოა, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა პირველად იმოგზაურებს ქუთაისის, ბათუმის, ონისა და დმანისის მუზეუმების კოლექციები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ოთხი უნიკალური ნიმუში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებშია (ლუვრი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის ეროვნული ბიბლიოთეკა, ტიროლის სახელმწიფო მუზეუმი) დაცული.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული არქივის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებსაც.
თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას ფესტივალზე წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების – კარლო კაჭარავას, თეა ჯორჯაძის, ანდრო ვეკუას შემოქმედება, ელენე ჩანტლაძისა და ანდრო ერაძის ექსპოზიციები.
საფესტივალო პროგრამა მოიცავს ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტებს.
ქართულ ტრადიციულ მუსიკას ევროპელი მსმენელი ეცნობა საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების: „დიდგორის“, „ადილეის“, „ბასიანის“, „დები ჩამგელიანების“ შემოქმედებით.
გორის ქალთა გუნდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები ფესტივალზე შეასრულებენ იოსებ კეჭაყმაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის, ვახტანგ კახიძის, ზვიად ბოლქვაძის, გოგი ჩლაიძის, ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებებს და წარმოაჩენენ ქართულ პროფესიულ მუსიკალურ-საკომპოზიციო ხელოვნებას.
ფესტივალში მონაწილეობენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ხატია ბუნიათიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ცოტნე ზედგინიძე, ლიზა ბათიაშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე და მარიამ ბაწაშვილი.
ქართველი და ბელგიელი მუსიკოსები ფესტივალის მაყურებელს გააცნობენ თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკას.
მკითხველი ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე გაეცნობა ექვსი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, პროზა.
„ევროპალიაზე“, ასევე, წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
ფესტივალზე გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივაც. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს – ქორეოგრაფიულ თუ მუსიკალურ, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს ნათია ჩიკვაიძის, ანუშკა ჩხეიძის, თამო ნასიძისა და სხვა თანამედროვე ქართველი არტისტების მონაწილეობით.
2023 წლის „ევროპალიის“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/programme.