ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზირების გეგმების პარალელურად, ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
რუსეთიდან სოხუმში დაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. უშიშროების საბჭო მოიწვია.
ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ, “ვიცეპრეზიდენტი ბადრა გუნბა; პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი; პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბესალომ კვარჩია; უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; პირველი ვიცეპრემიერი ბესლან ჯოპუა; სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა; შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ აჰიბა და სოხუმის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ეშბა”.
აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ 3-4 ოქტომბერს სოჭში შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სამწლიანი პაუზის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან.
კრემლის ლიდერთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზირების პუნქტი გაიხსნება.
ასევე, როგორც მან მედიას უთხრა, პუტინმა შეხვედრაზე მის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი მოიწონა და დახმარებას დაჰპირდა.
როგორც დე ფაქტო ლიდერმა თქვა, “ის, რაც პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, თუ ჩვენ შევძლებთ მის განხორციელებას, მომავალ თაობებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს და კომფორტულს საცხოვრებლად და გადაჭრის უამრავ სოციალურ პრობლემას”.